Thursday, January 13, 2011

Миру - Мир!

როცა ბანკში დავიწყე მუშაობა, სინდისი მქენჯნიდა... ალბათ რაღაც მემარცხენეულ–ანტიკაპიტალისტური შეხედულებების გამო, თან ალექსაც ცეცხლზე ნავთს მიმატებდა და დროდადრო მახსენებდა რა ცუდი ტიპები არიან კაპიტალისტი ბანკები და რა კარგი არის სოციალიზმი იდეალურ სამყაროში. მერე, როცა რაღაც "კეთილშობილურ" სამსახურზე და საქმეზე ვფიქრდებოდი, ყოველთვის რომელიმე მშვიდობიანი NGO წარმომიდგებოდა ხოლმე თვალწინ, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს, ერთი ოჯახივით ცხოვრობენ და სომალელ ბავშვებს ეხმარებიან, არჩენენ მილიონობით ადამიანს და როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, სიკეთე, სამართლიანობა და მშვიდობა მიაქვთ ყველგან, სადაც მიდიან... და თავისთავად, მდიდრებს ართმევენ და ღარიბებს ურიგებენ! :peace: როგორც აღმოჩნდა, ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი სურვილი და წარმოდგენა ისეთივე მეამიტური და სასაცილო იყო, როგორც სილამაზის კონკურსის მონაწილეების "I wish for world peace". (მე რატომღაც მეგონა, რომ მათზე ოდნავ უფრო ჭკვიანი ვიყავი...).

ერთი სიტყვით, არც თუ ისე შორეულ წარსულში მწამდა, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც რაღაცას აკეთებენ – აუმჯობესებენ სამართლის ხარისხს, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერებას ზრდიან, მედიას ათავისუფლებენ და ა.შ. მაგრამ წლები გადის და დიდ განსხვავებას მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, ვერ ვგრძნობ... რაღაც არც მედია გამხდარა დიდად თავისუფალი... დეისაძე და მისთნაირები რომ სადო–მაზო–ლესბო–ბი–გეი მოთხრობებს აქვეყნებენ, ეგ არაა ჩემთვის სიტყვის თავისუფლების საზომი და ერის "ბნელიდან ნათელში" (შენიშვნა: ბნელი – ყოველთვის საქართველო, ნათელი: ყოველთვის დასავლეთი) გადასვლის ნიშანი და საშუალება.

ჩემს იდეალისტურ წარმოდგენებში ბზარები პირველად მაშინ გაჩნდა, როცა ალექსამ დაიწყო მუშაობა ერთერთ არასამთავრობოში (სხვათაშორის, ერთერთი საერთაშორისო, პოზიტიური იმიჯის მქონე და დღემდე საკმაოდ აქტიური ორგანიზაციაა, სახელს და გვარს არ დავასახელებ... ). მოკლედ, თავიდან მართლა გულწრფელად მჯეროდა, რომ ის პროქტი მართლა იმიტომ კეთდება, რომ ბავშვებს დაეხმარონ... რომ მართლა ადარდებთ მათი ცხოვრება, მათი მომავალი, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ა.შ. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, აღმოჩნდა რომ NGO –ც იგივე პრინციპებზე მუშაობს, რაზეც ნებისმიერი კომერციული ორგანიზაცია, ოღონდ მისგან განსხვავებით, უფრო პოზიტიურად გამოიყურება... არავის არ ადარდებს რეალური შედეგი, მთავარია რა ფულს გადაიხდის ამაში "ფონდი", რამდენი ექნებათ შემოსავალი ამ პროექტიდან მენეჯერებს და რამდენად პოზიტიურად აისახება ეს პროექტი მათ იმიჯზე, რომელიც სამომავლოდ კიდევ ერთხელ მისცემთ საშუალებას კიდევ უფრო უკეთესი (უფრო შემოსავლიანი) პროექტები წამოიწყონ და მოიპოვონ დაფინანსება... არავის არ ადარდებს ე.წ. "სამიზნე ჯგუფები", "ბენეფიციარები" და ა.შ. ერთი სიტყვით, ვისაც წესით უნდა რამე სარგებელი ჰქონდეთ... სარგებელი არის ერთეული, ძალიან იშვიათი და დროებითი... არანაირი გლობალური მიზნები და არანაირი სამომავლო განვითარება. მორჩა დაფინანსება – მორჩა პროექტი – მორჩა ყველაფერი. რაც ყველაზე ცუდია, ეს თეატრი ისეთი მასშტაბებისაა, რომ არც არავინ არსებობს ისეთი, ვინც იტყვის "შიგ ხომ არ გაქვთ? რაში იხარჯება ამდენი ფული? იმაში, რომ მერე თქვენ ბანკის მენჯერებზე არანაკლებ დაისვენოთ? და არანაკლები ხელფასები და ბონუსები გქონდეთ? *". და ეს ყველაფერი რეალურად ასეა... სამწუხაროდ. **

დღეს შემთხვევით შევედი სოროსის საიტზე და გადავათვალიერე დაფინანსებული პროექტები... ღმერთო ჩემო, ნუთუ არ შეიძლება სახელი მაინც დაარქვან პროექტს ისეთი, რომ მის ბიუჯეტს შეესაბამებოდეს? და უცნაურად არ გამოუიყურებოდეს ის, რომ კონსულტაციებში, სემინარებში, დისკუსიებში და ა.შ. რომელთა არსებობის შესახებ "სამიზნე აუდიტორიასაც" კი გაუგონია, გადახდილია 10000, 30000, 60000, 500000 USD? ან ვინ, სად, როდის, როგორ ღებულობს ამ პროექტიდან სარგებელს?.. სადაა ეს დაპირებული გაზრდილი სამოქალაქო ცნობიერება, თავისუფალი მედია, სამართლიანობა?... მე ვერ ვხედავ და იქნებ არის მართლა რამე შედეგი, მინდა გულწრფელად მჯეროდეს, რომ არის!!! არადა, იმისთვის რომ დაგაფინანსონ, საჭირო არის წარმოადგინო გაზომვადი შედეგები, ანუ რეალურად შემოწმებადი შედეგები... ვის რაში აინტერესებს შედეგი?.. ვინმე საერთოდ რამეს ამოწმებს? ყოფილა შემთხვევა, რომ ამ ათასობით პროექტიდან, რომელიმემ ვერ შეასრულა საწყისი დაპირებები და შენიშვნა მისცეს?... რაღაც არა მგონია...
მოკლედ, ძალიან არ მინდა იმის დაჯერება, რომ პროექტის წარმატებისთვის და დაფინანსების მისაღებად, რეალურ შედეგებზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, ვის იცნობ ფონდში, ვისი ნათესავია შენი მამიდაშვილის ქმარი ან ვინაა შენი ყოფილი კლასელი და ა.შ. არადა სხვაგვარად, მომკალი და ვერ ვხსნი პროექტების შესაბამისობას მათ ბიუჯეტთან, თუნდაც სოროსის საიტით რომ ვიხელმძღვანელო... არვიცი, ვინმეს რამე ინფორმაცია თუ გაგაჩნიათ, გამიზიარეთ.. გამიხარდება მართლა... გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ ეს რეკლამები მართლა რამეს ნიშნავს და მართლა ვინმე რამენარად ეხმარება ბავშვებს საქართველოში თუ არა სომალიში მაინც... ან არვიცი კიდევ სად...


people in need - handbag

water kills


* მომიტევეთ უცენზურობა, უბრალოდ სხვა სიტყვა ვერ ვიპოვე ჩემი აღშფოთების გამოსახატად... :rolleyes:
** ჩემი აღშფოთება ყველა NGO-ს არ ეხება, საბედნიეროდ გამონაკლისებიც არსებობენ... : )

No comments: