Monday, January 3, 2022

გამარჯობა

დღეს ვფიქრობდი ერთ საკითხზე და თავში ეს კარგად გადანახული კადრები ამომიტივდივდა: ალბათ, 3 წლის ვიქნებოდი, როდესაც პირველად ვისწავლე სიტყვა "გამარჯობა". ბოლომდე შინაარსს და დანიშნულებას ვერ ვხვდებოდი, მაგრამ, როგორც სხვებზე დაკვირვებით შევატყე, რაღაც დადებითის გამომხატველი იყო. ბაბუაჩემს "ნოლ აძინი" ჰყავდა და სადღაც მივდიოდით, მეც უკანა ფანჯერა ჩაწეული მქონდა და ქუჩაში ყველა გამვლელს გამარჯობას ვუყვიროდი, ხელს ვუქნევდი და ვუღიმოდი. ზოგი მიღიმოდა, ზოგი ყურადღებას არ მაქცევდა, მაგრამ ძალიან ცხადად მახსოვს როგორ მიხაროდა ეს ქმედება. როცა დანიშნულების ადგილამდე მივედით, ბაბუაჩემი შემომიტრიალდა და მითხრა, გამარჯობა მარტო იმას უნდა უთხრა, ვისაც იცნობო, უცხო ადამიანებს ასე ქუჩაში არ უნდა ეძახოო (კეთილად მითხრა, არ გაბრაზებულა, საყვარელი იყო :)). ეგ იყო ალბათ ჩემს ცხოვრებაში პირველი შეხება სოციუმში ქცევის წესებთან. ის, რაც ბუნებრივად მეჩვენებოდა, აღმოჩნდა, რომ მისაღები არაა. მეც მორჩილად დავეთანხმე ბაბუას და უკანა გზაზე აღარავისთვის დამიძახებია. ეხლა რაზე გამახსენდა ეს ამბავი - გუშინ მუშტაიდში ვიყავით, საახალწლო კონცერტი და ბაზრობები იყო, ერთ-ერთ დახლთან შემთხვევით მუსიკოსი შეგვხვდა, რომელიც ძალიან მიყვარს და ხშირად ვუსმენ. მეც არც ვაციე, არც ვაცხელე, გლინტვეინით გათამამებულმა პირდაპირ ვუთხარი, ჰეი, ძალიან კარგი ხარ და ძალიან მიყვარხარმეთქი. უცნაური ის იყო, რომ ამ სიტყვებზე რაღაცნაირად უცნაურად შემომხედა. მეც, ცხადია, საკუთარ თავს გავუბრაზდი, რა იცი ეს დალევა და უცხო ხალხთან მივარდნა და სიყვარულის ახსნათქო. შემოვტრიალდი და უხერხულად გამოვეცალე. არადა, დღეს რომ დავფირდი, რავი, რატომაც არა?! მგონია, პოზიტიური ენერგიის გაზიარებისთვის ყოველთვისაა დრო და ადგილი. და თუ მიმღები ამას ან ვერ აღიქვამს, ან არ იღებს, რავი, დაე გაიფანტოს სივრცეში. საკუთარ თავში მაგის დატოვებას ან ჩახშობას რა აზრი აქვს?! მერე მეორე თემაზე დავფიქრდი, რატომ ეუცნაურებათ ან უკვირთ ადამიანებს, როდესაც მათ მიმართ გულწრფელ სიყვარულს ან აღფრთოვანებას გამოხატავ? წესით ხომ უნდა გაუხარდეთ და ესიამოვნოთ? რატომაა ასეთი არაბუნებრივი, რომ ვინმეს უბრალოდ დადებითი განწყობა ჰქონდეს შენს მიმართ და არაფერი სჭირდებოდეს სანაცვლოდ? :-? ასეთი უკურეაქციის ბევრი მაგალითი მქონია ცხოვრებაში და სულ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კომპლიმენტის ან დადებითი ემოციის უკან ყოველთვის რაღაც დამატებით ქვეაზრს ან მიზანს მოელიან ადამიანები. თითქოს, ბუნებრივად რაღაც ტრანზაციული ხასიათის ინტერაქციას ვართ მიჩვეულები და ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვფირობთ, ნეტა რა მიზანი ამოძრავებს უცხო ადამიანს, როდესაც რაღაც კარგს გვეუბნება. არადა, თუ ვინმეს ლამაზად თვლი, არაა აუცილებელი მაინც და მაინც მისი წამოღება და სახლში დადგმა გინდოდეს. თუ ვინმე ნიჭიერია, შეიძლება შური კი არა მადლიერების გრძნობა გალაპარაკებდეს. თუ ვინმე გიყვარს, არაა აუცილებელი შენს საკუთრებად მოიაზრებდე. შეიძლება ეგრე მოგწონდეს ვინმე, იმ ადგილას სადაცაა, და არაფერი გჭირდებოდეს სანაცვლოდ. როგორც ტყეში ხეები, ან ზღვაზე ტალღები, ან თოვლი. ხოდა, რატომაა ეგეთი უცანური მაგის მიღება? ყოველ ჯერზე, როცა ამ რეაქციას ვხვდები, სულ მიჩნდება სურვილი თავი გავიმართლო, ავხსნა რა ვიგულისხმე და რომ "არანაირი არაფერი", უბრალოდ ეგრე ვფიქრობ. ხოდა დღეს დავფირდი, რომ მგონი დროა ჩემს პრობლემად არ აღვიქვა ეგ. თუ ვინმე ვერ იღებს გულწრფელ ემოციას, არც ახსნას აქვს აზრი. საბედნიეროდ, ისეთებიც არიან, რომლებიც სწორად ხვდებიან რას გულისხმობ. ხოდა, თუ ეგეთი ხარ, მიყვარხარ მაგის გამო! გამარჯობა :)