Sunday, April 10, 2011

butterfly effect

სამყაროში ყველაზე მაგარი რამ მისი ქაოტურობაა - ის რომ არ იცი რას ელოდო და ის, რომ არ იცი სად მიგიყვანს ყველაზე მცირე წვრილმანიც კი. ეს "არცოდნა" თუ "მოულოდნელობა" არის მიზეზი ყველა ემოციის... i mean, რომ იცოდე, როგორ იცვლება ყველაფერი შენი ნებისმიერი ქმედებით, ალბათ იარსებებდა რაღაც ერთი ემოცია რომელიც იქნებოდა "თვითკმაყოფილების" მსგავსი... ყოველთვის მოიქცეოდი სწორად და ყოველთვის კმაყოფილი დარჩებოდი იმით, რომ ასე მოიქეცი.. ეს, ერთის მხრივ ცუდი ალბათ არაა... მაგრამ კარგია რომ ასე არ არის : )

ქაოტურობა არის ის, რისი წყალობითაც ცხოვრება არ არის მოსაწყენი...
ის, რომ ყველაფერი მეორდება, ყველამ კარგად იცის... სხვაგვარად რომ ვთვათ, ყველაფერს აქვს მოძრაობის სტანდარტული ტრაექტორია, როგორც ციური სხეულის ორბიტა მაგალითად... ანუ ყველაფერი მოძრაობს რაღაც ზოგადად განსაზღვრული ფიზიკური, ქიმიური თუ რაღაცაური კანონზომიერების მიხედვით. ეს ტრაექტორიები რომ არ იყოს ერთმანეთთან თანხვედრაში, ყველაფერი იქნებოდა ძალიან მშვიდად, სტაბილურად და გასაგებად...
მაგრამ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ეს წრიული ტრაექტორიები ერთმანეთთან იკვეთება, ზოგჯერ რამდენჯერმე... შესაბამისად თუ დაემთხვა და 2 ადამიანი თავთავიანთ ტრაექტორიებზე მოძრაობისას ამ გადაკვეთის წერტილებზე ერთმანეთს "შეეჯახებიან" чёрт его знает რა გამოვა აქედან : ) აქ უკვე ზუსტად იგივე კანონები მოქმედებს, რაც კოსმოსში... ერთერთი შეიძლება განადგურდეს, ან სხვა ტრაექტორიაზე დაიწყოს მოძრაობა, ან არვიცი რა მოუვიდეს... შეიძლება გაერთიანდნენ და საერთოდაც ახალ, განსხვავებულ ორბიტაზე დაიწყონ მოძრაობა ერთად...
მოკლედ... ძალიან შორს და აბდაუბდებში გადავდივარ, მაგრამ ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რამდენი ადამიანი "შემჯახებია" ესე ცხოვრებაში და ზოგთან თითქოს არც არაფერი, ზოგზე შეიძლება მე მოვახდინე გავლენა, მაგრამ ყველაზე საინტერესო, უფრო სწორად მნიშვნელოვნები არიან ის ადამიანები, რომლებთან უმნიშვნელო "შეჯახებით" ჩემი ცხოვრების ტრაექტორია რადიკალურად შეიცვალა.. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ეს ადამიანები ამჟამად არ არიან არც ჩემი ახლო მეგობრები და არც არანაირი უერთიერთობა არ მაქვს მათთან.. ერთადერთი რაც მათთან საერთო მაქვს, მხოლოდ ეს "შეჯახებაა" : )

ჰოდა აი სულ ვფიქრობ რა მაგარია, რომ ასეთი რაღაცეები ხდება... ^^

ა, კიდევ, ყველაზე მაგარი გამომრჩა - როდესაც შეჯახების შედეგად საერთოდაც სხვა ტრაექტორიაზე იწყებ მოძრაობას, დიდი შანსია, რომ ეს ახალი ტრაექტორია თანკვეთაში იყოს ან შენივე ძველ ორბიტასთან, ან იმ ორბიტებთან, რომლებსაც ძველ ტრაექტორიაზე კვეთდი...

Thursday, January 13, 2011

Миру - Мир!

როცა ბანკში დავიწყე მუშაობა, სინდისი მქენჯნიდა... ალბათ რაღაც მემარცხენეულ–ანტიკაპიტალისტური შეხედულებების გამო, თან ალექსაც ცეცხლზე ნავთს მიმატებდა და დროდადრო მახსენებდა რა ცუდი ტიპები არიან კაპიტალისტი ბანკები და რა კარგი არის სოციალიზმი იდეალურ სამყაროში. მერე, როცა რაღაც "კეთილშობილურ" სამსახურზე და საქმეზე ვფიქრდებოდი, ყოველთვის რომელიმე მშვიდობიანი NGO წარმომიდგებოდა ხოლმე თვალწინ, სადაც ყველას ერთმანეთი უყვარს, ერთი ოჯახივით ცხოვრობენ და სომალელ ბავშვებს ეხმარებიან, არჩენენ მილიონობით ადამიანს და როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, სიკეთე, სამართლიანობა და მშვიდობა მიაქვთ ყველგან, სადაც მიდიან... და თავისთავად, მდიდრებს ართმევენ და ღარიბებს ურიგებენ! :peace: როგორც აღმოჩნდა, ჩემდა სამწუხაროდ, ჩემი სურვილი და წარმოდგენა ისეთივე მეამიტური და სასაცილო იყო, როგორც სილამაზის კონკურსის მონაწილეების "I wish for world peace". (მე რატომღაც მეგონა, რომ მათზე ოდნავ უფრო ჭკვიანი ვიყავი...).

ერთი სიტყვით, არც თუ ისე შორეულ წარსულში მწამდა, რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც რაღაცას აკეთებენ – აუმჯობესებენ სამართლის ხარისხს, სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერებას ზრდიან, მედიას ათავისუფლებენ და ა.შ. მაგრამ წლები გადის და დიდ განსხვავებას მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი ჩვეულებრივი საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, ვერ ვგრძნობ... რაღაც არც მედია გამხდარა დიდად თავისუფალი... დეისაძე და მისთნაირები რომ სადო–მაზო–ლესბო–ბი–გეი მოთხრობებს აქვეყნებენ, ეგ არაა ჩემთვის სიტყვის თავისუფლების საზომი და ერის "ბნელიდან ნათელში" (შენიშვნა: ბნელი – ყოველთვის საქართველო, ნათელი: ყოველთვის დასავლეთი) გადასვლის ნიშანი და საშუალება.

ჩემს იდეალისტურ წარმოდგენებში ბზარები პირველად მაშინ გაჩნდა, როცა ალექსამ დაიწყო მუშაობა ერთერთ არასამთავრობოში (სხვათაშორის, ერთერთი საერთაშორისო, პოზიტიური იმიჯის მქონე და დღემდე საკმაოდ აქტიური ორგანიზაციაა, სახელს და გვარს არ დავასახელებ... ). მოკლედ, თავიდან მართლა გულწრფელად მჯეროდა, რომ ის პროქტი მართლა იმიტომ კეთდება, რომ ბავშვებს დაეხმარონ... რომ მართლა ადარდებთ მათი ცხოვრება, მათი მომავალი, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ა.შ. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, აღმოჩნდა რომ NGO –ც იგივე პრინციპებზე მუშაობს, რაზეც ნებისმიერი კომერციული ორგანიზაცია, ოღონდ მისგან განსხვავებით, უფრო პოზიტიურად გამოიყურება... არავის არ ადარდებს რეალური შედეგი, მთავარია რა ფულს გადაიხდის ამაში "ფონდი", რამდენი ექნებათ შემოსავალი ამ პროექტიდან მენეჯერებს და რამდენად პოზიტიურად აისახება ეს პროექტი მათ იმიჯზე, რომელიც სამომავლოდ კიდევ ერთხელ მისცემთ საშუალებას კიდევ უფრო უკეთესი (უფრო შემოსავლიანი) პროექტები წამოიწყონ და მოიპოვონ დაფინანსება... არავის არ ადარდებს ე.წ. "სამიზნე ჯგუფები", "ბენეფიციარები" და ა.შ. ერთი სიტყვით, ვისაც წესით უნდა რამე სარგებელი ჰქონდეთ... სარგებელი არის ერთეული, ძალიან იშვიათი და დროებითი... არანაირი გლობალური მიზნები და არანაირი სამომავლო განვითარება. მორჩა დაფინანსება – მორჩა პროექტი – მორჩა ყველაფერი. რაც ყველაზე ცუდია, ეს თეატრი ისეთი მასშტაბებისაა, რომ არც არავინ არსებობს ისეთი, ვინც იტყვის "შიგ ხომ არ გაქვთ? რაში იხარჯება ამდენი ფული? იმაში, რომ მერე თქვენ ბანკის მენჯერებზე არანაკლებ დაისვენოთ? და არანაკლები ხელფასები და ბონუსები გქონდეთ? *". და ეს ყველაფერი რეალურად ასეა... სამწუხაროდ. **

დღეს შემთხვევით შევედი სოროსის საიტზე და გადავათვალიერე დაფინანსებული პროექტები... ღმერთო ჩემო, ნუთუ არ შეიძლება სახელი მაინც დაარქვან პროექტს ისეთი, რომ მის ბიუჯეტს შეესაბამებოდეს? და უცნაურად არ გამოუიყურებოდეს ის, რომ კონსულტაციებში, სემინარებში, დისკუსიებში და ა.შ. რომელთა არსებობის შესახებ "სამიზნე აუდიტორიასაც" კი გაუგონია, გადახდილია 10000, 30000, 60000, 500000 USD? ან ვინ, სად, როდის, როგორ ღებულობს ამ პროექტიდან სარგებელს?.. სადაა ეს დაპირებული გაზრდილი სამოქალაქო ცნობიერება, თავისუფალი მედია, სამართლიანობა?... მე ვერ ვხედავ და იქნებ არის მართლა რამე შედეგი, მინდა გულწრფელად მჯეროდეს, რომ არის!!! არადა, იმისთვის რომ დაგაფინანსონ, საჭირო არის წარმოადგინო გაზომვადი შედეგები, ანუ რეალურად შემოწმებადი შედეგები... ვის რაში აინტერესებს შედეგი?.. ვინმე საერთოდ რამეს ამოწმებს? ყოფილა შემთხვევა, რომ ამ ათასობით პროექტიდან, რომელიმემ ვერ შეასრულა საწყისი დაპირებები და შენიშვნა მისცეს?... რაღაც არა მგონია...
მოკლედ, ძალიან არ მინდა იმის დაჯერება, რომ პროექტის წარმატებისთვის და დაფინანსების მისაღებად, რეალურ შედეგებზე მეტად მნიშვნელოვანი ისაა, ვის იცნობ ფონდში, ვისი ნათესავია შენი მამიდაშვილის ქმარი ან ვინაა შენი ყოფილი კლასელი და ა.შ. არადა სხვაგვარად, მომკალი და ვერ ვხსნი პროექტების შესაბამისობას მათ ბიუჯეტთან, თუნდაც სოროსის საიტით რომ ვიხელმძღვანელო... არვიცი, ვინმეს რამე ინფორმაცია თუ გაგაჩნიათ, გამიზიარეთ.. გამიხარდება მართლა... გულწრფელად მინდა მჯეროდეს, რომ ეს რეკლამები მართლა რამეს ნიშნავს და მართლა ვინმე რამენარად ეხმარება ბავშვებს საქართველოში თუ არა სომალიში მაინც... ან არვიცი კიდევ სად...


people in need - handbag

water kills


* მომიტევეთ უცენზურობა, უბრალოდ სხვა სიტყვა ვერ ვიპოვე ჩემი აღშფოთების გამოსახატად... :rolleyes:
** ჩემი აღშფოთება ყველა NGO-ს არ ეხება, საბედნიეროდ გამონაკლისებიც არსებობენ... : )

Tuesday, January 11, 2011

Zeitnot - ანუ როცა გინდა იცხოვრო იმაზე მეტი, ვიდრე ასწრებ :)

ამ.. არვიცი ეს პოსტი რითი დავიწყო, იმიტომ რომ თავში აბდაუბდა მაქვს... უბრალოდ დღესაც ერთერთი მორიგი იდეა მეწვია, უფრო სწორედ ქაოტური იდეები და ვცდილობ დავალაგო... რა გამოვა არვიცი, მაგრამ იქნებ მომავალში დავალაგო (აი, ასეა სულ - ყოველთვის სამომავლოდ ვინახავ ყველაფრის მოწესრიგებას და აწმყოში მხოლოდ მინი-ქაოსები მაქვს, რასაც არც ბოლო აქვს, არც დასასრული და არც არანაირი კავშირი ერთმანეთთან.. მეეჭვება ეს იკურნებოდეს... :-? ) ეს არა-ლირიული გადახვევა მთავარი თემიდან.. მოკლედ ...

ბავშვობიდან თუ არა, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მაქვს ერთი დიდი და დამთრგუნველი შიში - ცაითნოტი. პერიოდულად ცუნამისმაგვარად დამეხეთქება თავზე მთელი ჩემი ცხოვრების სურვილები, მოვალეობები, გეგმები, საქმეები და ა.შ. და, რა თქმა უნდა, მთელ ამ აურზაურთან ერთად ვაცნობიერებ, რომ "არაფრის დრო არ მაქვს". მოწესრიგებული და ჩამოყალიბებული, სწორი ადამიანი რომ ვიყო, ალბათ შევძლებდი ამეღო, ჩამომეწერა ყველაფერი, გადამენაწილება პუნქტებად მთელი ეს სურვილ-გეგმ-საქმეები და მერე გავყოლოდი მშვიდად ამ გეგმას.. მაგრამ არ გამომდის. ადრე ვამბობდი, რომ არ მომწონს განრიგით ცხოვრება. ახლა ვხვდები, რომ ძალიანაც კარგი იქნებოდა ასე ცხოვრება, რომ შემეძლოს... მაგრამ ვერ.. არვიცი ეს ნებისყოფის უქონლობა უფროა, სიზარმაცე თუ რაღაც თანდაყოლილი ქარხნული წუნი... ფაქტი ერთია - ვერაფერს ვასწრებ. ამის გამო ხშირად ვფიქრობ რაღაც არასტანდარტულ გამოსავლებზე (ესეც ერთერთი არგუმენტი ზარმაცების - არასტანდარტული გამოსავლები, რომლებიც რომ არსებობდეს, ალბათ უქვე ვინმე ჭკვიანი საუკუნეების წინ იპოვიდა, მაგრამ თუ არაა - არაა და მორჩა!)

ერთერთი მორიგი გამოსავლის ძებნისას, ამ აზრამდე მივედი - ის რაც ბავშვობაში მითი ან ფრთიანი ფრაზა მეგონა ("დრო ისე მირბის, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ" და მისთანი), ჩემდა საუბედუროდ სულაც არ აღმოჩნდა მითი.. საკუთარი შეგრძნებებიდან ვხვდები, რომ თანდათანობით რამდენიმე წელი ისე გადის, თითქოს არც არაფერი.. რაც კიდევ უფრო მეტი შეშფოთების საფუძველს მაძლევს... და ზემოხსენებული პერიოდული ცუნამების თავზედამხობა კიდევ უფრო მტკივნეული ხდება ხოლმე :-S მერე იმაზეც დავფიქრდი, რომ ბავშვობაში, მერე სკოლაში, მერე უნივერსიტეტში, დრო ბევრად უფრო ნელა გადიოდა... განსაკუთრებით ბავშვობაში.. მერე თანდათან აჩქარდა, მერე კიდევ უფრო და ახლა რაღაც თამაშს ჰგავს, რომელშიც სულ წრეზე გარბიხარ და არ ჩერდები :-S და ეს თამაში მე სულაც არ მომწონს, მითუმეტეს რომ ეს სირბილი საბოლოოდ სადაც მიმიყვანს, ყველამ კაგრად ვიცით :))



ჰოდა ვიფიქრე, იქნებ ეს შეგრძნება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შთამბეჭდავია შენი ყოველდღიურობა.. თუ ამას დავუშვებ, ყველაფერი მეტ-ნაკლებად ლოგიკურად ლაგდება: ბავშვობაში, როცა მთელი სამყარო შენთვის ახალია და ყველაფერი რასაც ხედავ რაღაც ემოციას იწვევს შენში, გეჩვენება რომ ძალიან ბევრი რამ ხდება, შესაბამისად ცხოვრებაც უფრო ნელია... მერე, როცა სკოლაში იწყებ სიარულს, გიჩნდება პატარ-პატარა რუტინული საქმეები, მაგრამ ესეც ერთგვარი სიახლეა... ანუ სწავლობ, იძენ ახალ მეგობრებს... მერე, უნივერსიტეტში, კიდევ უფრო მეტ ადამიანს იცნობ, ამ დროს ძალიან ბევრი სიახლე ხდება შენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ხარ და ესეც ახალია შენი ტვინისთვის..
მერე იწყებ მუშაობას და მორჩა. აქ უკვე ხაფანგში ხარ. იმიტომ რომ სკოლაში რამდენიმე საათიდან დაწყებული რუტინა ახლა შენი ცხოვრების სრულ 1/3-ს შეადგენს ან კიდევ უფრო მეტსაც.. ახალიც თითქმის არაფერი ხდება, იმიტომ რომ მეგობრები, რომლებიც მანამდე შეიძინე ამ ასაკისთვის შენი ძირითადი მეგობრები ხდებიან ცხოვრების ბოლომდე, ანუ ახალ, ნამდვილ მეგობრებს იშვიათად თუ იძენენენ ამ ასაკში :) მითუმეტეს, თუ 1/3 სამსახურში გადის : ))

არადა, ის რაც ყოველდღე ხდება, ტვინში მგონი ცალკეულ უჯრედებში არ ინახება.. ანუ ასე ვთქვათ, ოპტიმალურად ინახება.. მაგალითად, თუ ყოველდღე მიდიხარ ერთსა და იგივე ადგილას, ჯდები ერთსა და იმავე ავტობუსში, ხედავ ერთსა და იმავე ადამიანებს და აკეთებ დაახლოებით ერთსა და იმავეს, ეს ინფორმაცია ერთ ყუთში ყრია, რომელსაც აწერია უკვე მხოლოდ წლის აღმნიშვნელი რიცხვი და არა ზუსტი თარიღი... შესაბამისად, როცა გადის დრო და შენ იხსენებ რა მოხდა წინა წელს, გახსენდება მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული საინტერესო ფაქტი (შენი პირადი მოგონებები), ხოლო დროის ის დიიიდი შუალედი, რომელიც ერთ ყუთში ყრია, აღიქმება მხოლოდ ერთ ძალიან პატარა მოვლენად რომელსაც ქვია "რუტინა".
ჩემი თეორიის, რომ რაც უკვე იცი და გინახავს, უფრო მალე ხდება მეორედ, მცირე დასაბუთება: როდესაც სადღაც მიდიხარ (განსაკუთრებით კარგად ეს შორ და რთულ გზებზე იგრძნობა ხოლმე, პახოდებში მაგალითად), ყოველთვის პირველად ეს გზა ბევრად უფრო გრძელი და დამღლელი გეჩვენება ვიდრე მეორედ. იმიტომ რომ მეორედ უკვე იცი რა გელის წინ და შენი ტვინი რაღაც დეტალებს ტოვებს.. გზაც მოკლდება. არვიცი შეიძლება სადმე რამე მეშლება.. თუ მეშლება, შემისწორეთ, გამიხარდება :)

მოკლედ იდეა იმაში იყო, რომ თუ ამ ერთ დიდ ყუთს, რომელსაც რუტინა ქვია, ავიღებთ და გადავაგდებთ ნაგავში, ან რაღაც უფრო პატარა ყუთით ჩავანაცვლებთ, ჩვენ ტვინებში დარჩება ბევრად მეტი ადგილი სხვა ყუთებისთვის, რომლებშიც შეგვეძლება ჩავყაროთ საინტერესო ემოციები, განცდები, იდეები, ადამიანები, შთაბეჭდილებები, მოკლედ ყველა ფერადი და შავთეთრი კადრები ჩვენი ცხოვრებებიდან... ჰოდა მერე, როდესაც დრო გავა, ამ ყუთების შიგთავისის თვალიერება ცხოვრებას გაგვიხალისებს : ) ის, თუ როგორ უნდა ავიღოთ და გადავაგდოთ ეს დიდი მოსაბეზრებელი რუტინა ცხოვრებიდან, საუბარს არ დავიწყებ... იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე კომპეტენტური ამ საკითხში არ ვარ. ამაზე ისედაც ბევრი თქმულა, ბევრი დაწერილა და ბევრიც ფიქრებულა (ასეთი სიტყვა მგონი არ არსებობს, მაგრამ არაუშავს :) ). მე უფრო ის მაინტერესებს, რამდენად შემიძლია ვენდო ჩემს მორიგ, ახალ თეორიას :-? :)

........................................

I wish I had a little red box. To put my best friends in. I'd take them out and hug, hug, hug. Then put them back again...