Friday, December 3, 2010

სიმების თეორია

ზუსტად არ მახსოვს ეს თეორია რას ამტკიცებს, მაგრამ ამას ბევრი არაფერი საერთო ექნება იმასთან, რაზეც მე ვაპირებ საუბარს... ეს იდეა რამდენიმე დღის წინ გამიჩნდა, როდესაც "Tbilisi Wind Festival"-ზე აღმოვჩნდი (ვაღიარებ, რომ ფესტივალის დასახელება და აფიშა მომეწონა და უფრო ამიტომ გადავწყვიტე წასვლა :)). მოკლედ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა ამ ფესტივალის შემდეგ, მაგრამ დრო სასიამოვნოდ გავატარე და ბილეთში გადახდილი 5 ლარი სრულებით არ დამენანა (არადა ასეთი შემთხვევებიც მქონია).
ერთი სიტყვით, დავიწყე ფიქრი იმაზე, რატომ ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ მუსიკა შენზე მოქმედებს და ზოგჯერ არა... არ ვგულისხმობ იმას რომ შეიძლება მოგეწონოს ან არ მოგეწონოს მელოდია, უაზროდ ჩათვალო სიმღერის ტექსტი ან პირიქით, შენთვის ძალიან ნაცნობი იდეები გაიგო და რაღაც ღრმად ფილოსოფიური აზრები გაგიჩნდეს... "მოქმედებაში" ვგულისხმობ ფიზიკურ ზემოქმედებას, ანუ როდესაც უსმენ მუსიკას და უცებ რაღაც სასიამოვნო შეგრძნება გიჩნდება, ჟრუანტელი დაგივლის და რაღაც უწონობისმაგვარი შეგრძნება გიჩნდება. ეს არაა რაღაც მაღალფარდოვანი შედარება, ეს ფიზიკური, ნამდვილი, რეალური მოვლენაა :) (არვიცი რამდენად ზოგადია ეს ფენომენი, მაგრამ მინიმუმ 1 ადამიანს ჩემს გარდა, ვიცი რომ განუცდია იგივე...)



ასეთი რაღაც პირველად ძალიან დიდი ხნის წინ ვიგრძენი. გაუბედურებულ რკინიგზელთა კულტურის ცენტრში იყო მორიგი კონცერტი, სადაც ნორჩი კონსერვატორიის მოსწავლეები უკრავდნენ. ზოგადად ცუდი არ იყო, მაგრამ ერთი, თითქოსდა არაფრით გამორჩეული წყვილის გამოსვლის დროს (ვიოლინო+ფორტეპიანო) რაღაც ძალიან უცნაური შეგრძნება გამიჩნდა– აი, რომ ამბობენ "მუსიკა იღვრებოდა", ეს გამოთქმა ვიგრძნეი ფიზიკურად, და თან რაღაც ბლანტი და ტკბილი იყო ეს მუსიკა, ცხელი შოკოლადისმაგვარი... მოკლედ კარგი იყო : )

ჰოდა იმას ვამბობდი, რომ იმ დღეს გამიჩნდა შემდეგი იდეა: ადამიანები შედგებიან უამრავი ემოციური ტალღისგან. ანუ, ყველა მათი ემოცია, შეგრძნება და ა.შ. არის რაღაც განსხვავებული სიხშირისა და სიგრძის ტალღა. და რადგან ესეთი ტალღები უამრავი სახისაა, შესაბამისად ერთნაირი ტალღების ერთობლიობა ბუნებაში თითქმის არც ხვდება. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური ხასიათი, ინდივიდუალური შეგრძნებები და ინდივიდუალურად აღიქვამს ამა თუ იმ ნივთებს, მოვლენებს, ბგერებს, ფერებს და ა.შ. (აქვე შეიძლება განვავრცო ეს თეორია და დავამატო, რომ ეს შინაგანი ტალღები სხვადასხვა გარე–ფაქტორების ზემოქმედებით იცვლება, ანუ რაღაც დროის შემდეგ ადამიანი სხვისი კი არა, საკუთარი თავის იდენტურიც კი აღარაა... ეს კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას ქმნის). ყოველივე ამის დაშვების შემდეგ კი ძალიან მარტივი გახდა იმის ახსნა, რატომ მოქმედებს ზოგჯერ მუსიკა – მას გააჩნია თავისი ტალღები და როდესაც ეს ტალღები შენს "ემოციურ ტალღებს" ემთხვევა, ხდება რეზონანსი და ტალღების ამპლიტუდა იზრდება – შესაბამისად ემოციებიც ძლიერდება (თუ რამე ფიზიკური ცნება ან მოვლენა არასწორად ვახსენე ან ავხსენი, მომიტევეთ და შემისწორეთ :))

მოკლედ ესაა ჩემი თეორია და თუ არ დამეზარება განვავრცობ და ექსპერიმანტულად დავამტკიცებ და წლების მერე წიგნებს თუ არ დაწერენ ჩემზე, ვიკიპედიაზე მაინც იქნება პატარა სტატია ამ თეორიის შესახებ :))) ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით : ) უბრალოდ "დასასრული" რომ არ დამეწერა :)))

p.s. ამ სიმღერას ვუსმენ ახლა და მგონი მოუხდება ამ პოსტს... თუ არ მოუხდება და ისე მაინც იყოს <3

1 comment:

jibla said...

გაასწორა :)