Thursday, December 23, 2010

ART-room - ყვავი


April 7, 2007 01:35 PM

თავიდან რა იყო აღარ მახსოვს... წესრიგი იყო ალბათ... ახლა კი ქაოსია... ან პირიქით, აქამდე ბუნებრივად არეული ცხოვრება ზე-მოწესრიგებული, ზე-მარტივი და ზე-ერთფეროვანი გახდა...

...
ჩემს ცხოვრებაში შთაბეჭდილებები ბევრი არაა... და არც საკმაოდ მძაფრი... ახლა რომ ვუკვირდები, პირველი რაც მახსენდება, შავ-თეთრი ნაკაწრებიანი ფოტოა (არც ისე ძველი, მაგრამ გაცრეცილი) : ბნელ ოთახში ოდნავ განათბული სახე ჩანს, შეშინებული თვალები და დაბნეული, არაბუნებრივად გაშეშებული ხელები... ესაა ჩემი ერთ-ერთი შთაბეჭდილება თუ მოგონება... პრინციპში მოგონება იგივე შთაბეჭდილებაა, ოღონდ წარსულში... ჰმმ... რაღაცეებს მივედ-მოვედები ახლა... ჯობია წავიდე... (ოთახიდან გასვლის ხმა)

...
სარკეში თანდათან ბუნდოვანდება მთვარის მკრთალი შუქით განათებული სახის ანარეკლი... მზრუნველად წმენდ დაორთქლილ ზედაპირს და ისევ აკვირდები ამ შავ-თეთრ პორტრეტს, არა უფრო შავ-ნაცრისფერ-გადახუნებულ-მკრთალ მოჩვენებას... არადა მეორე პირში რატომ ვწერ, ვერ მივხდვი...

...
ამ ბოლო დროს ზედმეტად ხშირად ვუყურებ შავ-თეთრს ფილმებს... უნდა გადავეჩვიო, თორემ სიცოცხლის ფერებს ვკარგავ... თუმცა ფილმები აქ რა შუაშია...

...
(აქ კინოფირი წყდება და სხვა ისტორია გრძელდება. ეტყობა, რომ ამონტაჯებდნენ რაღაც შეეშალათ და ორი სხვადასხვა შავ-თეთრი კინოფირი აურიეს. არადა ყველაფერი არა-ფერადი განა ერთი და იგივეა?!... ჰმ... არა... სულელები... უყურადღებო სულელები...)

...
-ჰეეი სად ხაარ??? ენდოოოოოო!!!! ენდონიიიიიიიიიიინ!!! სად ხაააარრრ???
ხმა შორეული ხდება. მერე თოვლში ნაბიჯების ჭრაჭუნი თანდათან ახლოვდება. მერე ისევ შორდება, ახალ უკვე საბოლოოდ და ისევ სიჩუმე რჩება გარშემო... წავიდნენ.

...
მშვიდად ვწევარ თოვლში ჩაფლული, ვარსკვლავებს ვუყურებ და მგონი არც ვფიქრობ. (ანთებული სიგარეტი ერთადერთი ფერადი ნივთია ამ კადრში) ხარბად ვისუნთქავ მორიგეობით ჯერ სუფთა ჰაერს, მერე კი სიგარეტის ბოლს, ისე რომ მთელი ფილტვები გამეჟღინთოს პატარა ნაცრისფერი ნაწილაკებით.

...
არ ვეწევი... უბრალოდ, აქ რომ ვიწექი, თოვლში, ყველასგან და ყველაფრისგან შორს, უცებ რატომღაც მომინდა მომეწია... არ ვიცი რატომ. ალბათ სულ მარტოდ რომ არ მეგრძნო თავი, უმოქმედობას რომ არ შევრეოდი... მერე გავიფიქრე, რომ ეს მავნეა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ უცებ ერთი მომენტი გამახსენდა ფილმიდან, knockin' on heaven's door და მივხვდი, რომ თუმცა სისხლის კიბო არ მჭირს და არც რამდენიმე დღეში სიკვდილს ვაპირებ, ჩემი სიტუაცია ამ წამს ძალიან ჰგავს იმ მომენტს, ამიტომ ამოვიღე ჯიბიდან ერთი ღერი, მოვუკიდე და ვარსკვლავების ყურება განვაგრძე. მეტი აღარ მიფიქრია...

...
მახსოვს რომელიღაც წიგნში წავიკითხე, ყველაზე კარგად დროს მაშინ გრძნობ ვარსკვლავებს დიდხანს რომ უყურებო და გამეცინა, იმიტომ რომ ამ წიგნის წაკითხვამდე დიდი ხნით ადრე, მეც ზუსტად იგივე გავიფიქრე... უცებ რომ შეხედო ცას, თითქოს მარადიული სანახაობაა, უძრავი, გაშეშებული... არადა რამდენიმე საათში სულ სხვანაირადაა ყველაფერი...

...
მოკლედ გათენდა... საიდანღაც შავი ყვავი ჩამოფრინდა და გვერდზე მომიჯდა. მე ისევ ვეწევი. არადა ამდენი სიგარეტი საიდან მაქვს, თვითონაც არ ვიცი... ისე რატომ
ითვლება, რომ ყვავი ბოროტი და ცუდი არსებაა?... იმიტომ რომ შავია?...
ახლა უკვე მას ვუყურებ, ზის ჩაფიქრებული, და სადღაც შორს იყურება... ნეტა ჩემთან რატომ მოფრინდა? ვერ იჯდა იქ თავისთვის ხეზე ან სადაც იჯდა?!... უცებ შემეცოდა... ალბათ ძალიან მარტოა და ახლა ფიქრობს როგორ გამომელაპარაკოს... ალბათ ჯობია მე დავიწყო პირველმა...

-სიგარეტს ხომ არ ინებებთ?
-არ ვეწევი...
-არც მე...
-ჰმ?!!!

შემომხედა გაკვირვებული, ამაყი მზერით. მერე გაკვირვება დაცინვაზე შეეცვალა. ირონიულად გამიღიმა, წამოიმართა, თოვლი ჩამოიბერტყა და გაფრინდა.

...
ჰეეეჰ... გამეცინა, შემდეგ ღერს მოვუკიდე და გავიფიქრე, ზოგჯერ რა რთულია იმის აღიარება, რომ მარტო ხარ?!.

...
არადა რას გადავეკიდე, იქნებ არცაა მარტო და მე ვაბრალებ... მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს...

....
ისე შეეძლო უფრო ზრდილობიანადაც ეთქვა უარი... უზრდელი....

No comments: