February 13, 2007 01:28 AM
გინახავს გაყინული ტბა?... ლამაზია, წყნარი და აუღელვებელი... დამშვიდებულ ზღვას ჰგავს რაღაცით... ოღონდ უფრო ცივია და დაფიქრებული... თითქოს რაღაცაზე ძალიან ეტკინა გული და ჩუმად, ხმის ამოუღებლად გაშეშდა, გაიყინა... ყინულის სქელი ფენის ქვეშ დაიმალა და თავისთვის ჩუმად ატირდა... ისე რომ არავინ შეამჩნიოს...
როდესაც ხმაური გაწუხებს, ყველაფერი გბეზრდება და ცხოვრებას აზრი ეკარგება, მიდიხარ მასთან და მას უყვები... არა, სიტყვები არცაა საჭირო, უბრალოდ მიდიხარ და მასთან რჩები... ის თავად ხვდება, რატომ მოხვედი და არაფერს გეკითხება... შენც ჩუმად წვები ყინულზე და ითბობ გაყინულ გულს... გაშეშებული ჰაერის ბუშტები ჩუმად ამოგცქერიან შიგნიდან და შენს აზრებს კითხულობენ... არაფერს გთხოვს ყინული... უხარია, რომ მოხვედი...
და წევხარ ასე რამდენიმე წუთი... ან საუკუნე... მოკლედ იმ დრომდე, როცა დრო ქრება... ყინული გისმენს... ჩუმად გისმენს... არაფერს გეუბნება, მაგრამ გრძნობ, როგორ გულზე ხვდება შენი აზრები, გრძნობები... ჩუმად ქვითინებს... საკუთარ თავს ხედავს შენში (ისევე როგორც შენ ხედავ შენს თავს მასში) და მთელი გულით გეხუტება... დნება თანდათან და გაყინული ხელებით სხეულს გისველებს... მერე ერთი ხდებით შენ და ყინული... უყვარდები და ნებას გაძლევს, მის გულში ჩაიხედო...
რეალობიდან სიზმარში ხვდები... ან პირიქით, სიზმრიდან რეალობაში... (ისეთივე შეგრძნებაა, როგორც ძილის დროს... მხოლოდ გაღვიძებისას აცნობიერებ, რომ გეძინა...) თითქოს რაღაც სითბოს გრძნობ და იძირებდი მის აზრებში, გრძნობებში... თანდათან ფსკერზე ეშვები... და მხოლოდ ახლა ხვდები, რომ ტბამ მიგიშვა თავისთან, შენც მოგცა მასთან ერთად ყინულის ქვეშ დამალვის უფლება... შეგიფარა ყველაფრისგან... გაზაფხულამდე... მოკლევადიანი ბედნიერება გაჩუქა... დაგიცვა სამყაროსგან... ცოტა ხნით... მაგრამ მაინც...
შიგნიდან მშვიდია ტბა და თბილი... ფიქრობს თავისთვის... და ცას უყურებს (უკვე შენთან ერთად)... ტკბება ვარსკვლავებით... ისინი მხოლოდ ყინულს ხედავენ... ტბა კი ყინულის მეორე მხარესაა დამალული და ყველაფერს ხედავს... შენც წევხარ ფსკერზე, დამშვიდებული... და ამ შეგრძნებით ტკბები... არასოდეს გინახავს ვარსკვლავები ყინულის ქვევიდან... პირველად ცხოვრებაში არაფერის გეშინია და დარწმუნებული ხარ, რომ ვერ გიპოვიან...
ზევიდან ტბაში ჩაყინული შენი სხეული, ალბათ დაახლოებით ისევე გამოიყურება, როგორ ქარვაში პატარა მწერი... უცებ მის ადგილას წარმოიდგენ თავს: ოდესმე, რომელიმე, შენზე ბევრად დიდი არსება სიამაყით გაიკეთებს მისგან ლამაზ ყელსაბამს და არც დაფიქრდება იმაზე, თუ როგორ მოხვდი ამ ყინულში შენ, იმიტომ რომ მისთვის შენ მხოლოდ მწერი ხარ... მხოლოდ ლამაზი სამკაული...
და როცა გაზაფხული მოვა? მერე? მერე სად დაემალები ამ ყველაფერს?...
რა მნიშვნელობა აქვს... ახლა აქ ხარ და გსიამოვნებს, ტბის თბილი ცრემლები რომ გისველებს სახეს... ახლა შენ უსმენ ტბას... და არაფერს ეუნები... უბრალოდ უსმენ...
No comments:
Post a Comment