Friday, December 24, 2010

ART-room - სულები მატარებელში


დავიწყე ძველი ჩანაწერების დადება, დაე ამიერიდან აქ განისვენონ...


July 31, 2007 1:59 AM



როდესაც ჩვენი სულები მატარებელში ისხდნენ, გარეთ წვიმდა. ჩვენ გავცქეროდით მთვარიან სიბნელეს და წვეთებს ვითვლიდით. მდუმარება სიჩუმე იყო და მოლოდინი.

ვიცი, შენც იგივეს ფიქრობდი მაშინ... ალბათ შენც შეამჩნიე, რაღაც ხდებოდა, მაგრამ არც შენ მიგიქცევია ყურადღება... მხოლოდ წვიმას უსმენდი...
მე კი უბრალოდ მიხაროდა, რომ გიყვარს წვიმის მოსმენა... ჩემსავით.
და ვისხედით ასე, უმოქმედოდ... უმოქმედობა კი სიმშვიდე იყო მხოლოდ და მოლოდინი.

როდესაც გამჭვირვალე ბურუსმა შთანთქა სივრცე, უწონობაში მოცურავე ბაბუაწვერებივით დაფრინავდნენ ჩვენი სულები... მატარებელში. გარეთ კი წვიმდა.
სულები ირეოდნენ ერთმანეთში, იყოფოდნენ და ერთიანდებოდნენ, იაკრგედნენ და ჩნდებოდნენ ისევ... და ასე უსასრულოდ....
მერე, ოდესღაც, დრო დაიღალა და გაჩერდა... მოლოდინი წვეთებად გადაიქცა და დაიღვარა... მატარებელში. დასველდნენ ჩვენი სულებიც...

ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდით, რატომ იყო ცაზე მთვარე ჭიკარტით მიმაგრებული, როდესაც ჩვენი სულები მოლოდინით დასველებულები ისხდნენ მატარებელში.
ბავშვურად გულწრფელი და ცნობისმოყვარე თვალებით ვცილობდით წვიმის დანახვას ფანჯრიდან.
სიბნელე მატარებელს ეფერებოდა, დრო კი ჩვენს სულებს. ისინი ცეკვავდნენ, როგორც პეპლები ქარში...

და როდესაც გძნობებით ვსუნთქავდით მხოლოდ და ფიქრებით ვლაპარაკობდით მატარებელში, მაშინ ორივემ ვიგრძენით, რომ ჩვენი სულები გაერთიანდნენ სამუდამოდ.

მერე კი იყო მოლოდინი და შიში. თანდათან მოახლოებული ხმაური არსაიდან და არსაით. უმოძრაო ქაოსი... და როდესაც ხმაურმა აავსო სივრცე და სიბნელემ შთანთქა მატარებელი, ჩვენ დავიკარგეთ....

ჩვენი სულები კი ისხდნენ მატარებელში, ერთმანეთის პირისპირ, მშვიდად გაღიმებულები. მათი უმოქმედობა ბედნიერება იყო, მდუმარება კი სიჩუმე და უსასრულო სიხარული.

Thursday, December 23, 2010

ART-room - ტბაზე

February 13, 2007 01:28 AM

გინახავს გაყინული ტბა?... ლამაზია, წყნარი და აუღელვებელი... დამშვიდებულ ზღვას ჰგავს რაღაცით... ოღონდ უფრო ცივია და დაფიქრებული... თითქოს რაღაცაზე ძალიან ეტკინა გული და ჩუმად, ხმის ამოუღებლად გაშეშდა, გაიყინა... ყინულის სქელი ფენის ქვეშ დაიმალა და თავისთვის ჩუმად ატირდა... ისე რომ არავინ შეამჩნიოს...

როდესაც ხმაური გაწუხებს, ყველაფერი გბეზრდება და ცხოვრებას აზრი ეკარგება, მიდიხარ მასთან და მას უყვები... არა, სიტყვები არცაა საჭირო, უბრალოდ მიდიხარ და მასთან რჩები... ის თავად ხვდება, რატომ მოხვედი და არაფერს გეკითხება... შენც ჩუმად წვები ყინულზე და ითბობ გაყინულ გულს... გაშეშებული ჰაერის ბუშტები ჩუმად ამოგცქერიან შიგნიდან და შენს აზრებს კითხულობენ... არაფერს გთხოვს ყინული... უხარია, რომ მოხვედი...

და წევხარ ასე რამდენიმე წუთი... ან საუკუნე... მოკლედ იმ დრომდე, როცა დრო ქრება... ყინული გისმენს... ჩუმად გისმენს... არაფერს გეუბნება, მაგრამ გრძნობ, როგორ გულზე ხვდება შენი აზრები, გრძნობები... ჩუმად ქვითინებს... საკუთარ თავს ხედავს შენში (ისევე როგორც შენ ხედავ შენს თავს მასში) და მთელი გულით გეხუტება... დნება თანდათან და გაყინული ხელებით სხეულს გისველებს... მერე ერთი ხდებით შენ და ყინული... უყვარდები და ნებას გაძლევს, მის გულში ჩაიხედო...

რეალობიდან სიზმარში ხვდები... ან პირიქით, სიზმრიდან რეალობაში... (ისეთივე შეგრძნებაა, როგორც ძილის დროს... მხოლოდ გაღვიძებისას აცნობიერებ, რომ გეძინა...) თითქოს რაღაც სითბოს გრძნობ და იძირებდი მის აზრებში, გრძნობებში... თანდათან ფსკერზე ეშვები... და მხოლოდ ახლა ხვდები, რომ ტბამ მიგიშვა თავისთან, შენც მოგცა მასთან ერთად ყინულის ქვეშ დამალვის უფლება... შეგიფარა ყველაფრისგან... გაზაფხულამდე... მოკლევადიანი ბედნიერება გაჩუქა... დაგიცვა სამყაროსგან... ცოტა ხნით... მაგრამ მაინც...

შიგნიდან მშვიდია ტბა და თბილი... ფიქრობს თავისთვის... და ცას უყურებს (უკვე შენთან ერთად)... ტკბება ვარსკვლავებით... ისინი მხოლოდ ყინულს ხედავენ... ტბა კი ყინულის მეორე მხარესაა დამალული და ყველაფერს ხედავს... შენც წევხარ ფსკერზე, დამშვიდებული... და ამ შეგრძნებით ტკბები... არასოდეს გინახავს ვარსკვლავები ყინულის ქვევიდან... პირველად ცხოვრებაში არაფერის გეშინია და დარწმუნებული ხარ, რომ ვერ გიპოვიან...

ზევიდან ტბაში ჩაყინული შენი სხეული, ალბათ დაახლოებით ისევე გამოიყურება, როგორ ქარვაში პატარა მწერი... უცებ მის ადგილას წარმოიდგენ თავს: ოდესმე, რომელიმე, შენზე ბევრად დიდი არსება სიამაყით გაიკეთებს მისგან ლამაზ ყელსაბამს და არც დაფიქრდება იმაზე, თუ როგორ მოხვდი ამ ყინულში შენ, იმიტომ რომ მისთვის შენ მხოლოდ მწერი ხარ... მხოლოდ ლამაზი სამკაული...

და როცა გაზაფხული მოვა? მერე? მერე სად დაემალები ამ ყველაფერს?...
რა მნიშვნელობა აქვს... ახლა აქ ხარ და გსიამოვნებს, ტბის თბილი ცრემლები რომ გისველებს სახეს... ახლა შენ უსმენ ტბას... და არაფერს ეუნები... უბრალოდ უსმენ...

ART-room - ყვავი


April 7, 2007 01:35 PM

თავიდან რა იყო აღარ მახსოვს... წესრიგი იყო ალბათ... ახლა კი ქაოსია... ან პირიქით, აქამდე ბუნებრივად არეული ცხოვრება ზე-მოწესრიგებული, ზე-მარტივი და ზე-ერთფეროვანი გახდა...

...
ჩემს ცხოვრებაში შთაბეჭდილებები ბევრი არაა... და არც საკმაოდ მძაფრი... ახლა რომ ვუკვირდები, პირველი რაც მახსენდება, შავ-თეთრი ნაკაწრებიანი ფოტოა (არც ისე ძველი, მაგრამ გაცრეცილი) : ბნელ ოთახში ოდნავ განათბული სახე ჩანს, შეშინებული თვალები და დაბნეული, არაბუნებრივად გაშეშებული ხელები... ესაა ჩემი ერთ-ერთი შთაბეჭდილება თუ მოგონება... პრინციპში მოგონება იგივე შთაბეჭდილებაა, ოღონდ წარსულში... ჰმმ... რაღაცეებს მივედ-მოვედები ახლა... ჯობია წავიდე... (ოთახიდან გასვლის ხმა)

...
სარკეში თანდათან ბუნდოვანდება მთვარის მკრთალი შუქით განათებული სახის ანარეკლი... მზრუნველად წმენდ დაორთქლილ ზედაპირს და ისევ აკვირდები ამ შავ-თეთრ პორტრეტს, არა უფრო შავ-ნაცრისფერ-გადახუნებულ-მკრთალ მოჩვენებას... არადა მეორე პირში რატომ ვწერ, ვერ მივხდვი...

...
ამ ბოლო დროს ზედმეტად ხშირად ვუყურებ შავ-თეთრს ფილმებს... უნდა გადავეჩვიო, თორემ სიცოცხლის ფერებს ვკარგავ... თუმცა ფილმები აქ რა შუაშია...

...
(აქ კინოფირი წყდება და სხვა ისტორია გრძელდება. ეტყობა, რომ ამონტაჯებდნენ რაღაც შეეშალათ და ორი სხვადასხვა შავ-თეთრი კინოფირი აურიეს. არადა ყველაფერი არა-ფერადი განა ერთი და იგივეა?!... ჰმ... არა... სულელები... უყურადღებო სულელები...)

...
-ჰეეი სად ხაარ??? ენდოოოოოო!!!! ენდონიიიიიიიიიიინ!!! სად ხაააარრრ???
ხმა შორეული ხდება. მერე თოვლში ნაბიჯების ჭრაჭუნი თანდათან ახლოვდება. მერე ისევ შორდება, ახალ უკვე საბოლოოდ და ისევ სიჩუმე რჩება გარშემო... წავიდნენ.

...
მშვიდად ვწევარ თოვლში ჩაფლული, ვარსკვლავებს ვუყურებ და მგონი არც ვფიქრობ. (ანთებული სიგარეტი ერთადერთი ფერადი ნივთია ამ კადრში) ხარბად ვისუნთქავ მორიგეობით ჯერ სუფთა ჰაერს, მერე კი სიგარეტის ბოლს, ისე რომ მთელი ფილტვები გამეჟღინთოს პატარა ნაცრისფერი ნაწილაკებით.

...
არ ვეწევი... უბრალოდ, აქ რომ ვიწექი, თოვლში, ყველასგან და ყველაფრისგან შორს, უცებ რატომღაც მომინდა მომეწია... არ ვიცი რატომ. ალბათ სულ მარტოდ რომ არ მეგრძნო თავი, უმოქმედობას რომ არ შევრეოდი... მერე გავიფიქრე, რომ ეს მავნეა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ უცებ ერთი მომენტი გამახსენდა ფილმიდან, knockin' on heaven's door და მივხვდი, რომ თუმცა სისხლის კიბო არ მჭირს და არც რამდენიმე დღეში სიკვდილს ვაპირებ, ჩემი სიტუაცია ამ წამს ძალიან ჰგავს იმ მომენტს, ამიტომ ამოვიღე ჯიბიდან ერთი ღერი, მოვუკიდე და ვარსკვლავების ყურება განვაგრძე. მეტი აღარ მიფიქრია...

...
მახსოვს რომელიღაც წიგნში წავიკითხე, ყველაზე კარგად დროს მაშინ გრძნობ ვარსკვლავებს დიდხანს რომ უყურებო და გამეცინა, იმიტომ რომ ამ წიგნის წაკითხვამდე დიდი ხნით ადრე, მეც ზუსტად იგივე გავიფიქრე... უცებ რომ შეხედო ცას, თითქოს მარადიული სანახაობაა, უძრავი, გაშეშებული... არადა რამდენიმე საათში სულ სხვანაირადაა ყველაფერი...

...
მოკლედ გათენდა... საიდანღაც შავი ყვავი ჩამოფრინდა და გვერდზე მომიჯდა. მე ისევ ვეწევი. არადა ამდენი სიგარეტი საიდან მაქვს, თვითონაც არ ვიცი... ისე რატომ
ითვლება, რომ ყვავი ბოროტი და ცუდი არსებაა?... იმიტომ რომ შავია?...
ახლა უკვე მას ვუყურებ, ზის ჩაფიქრებული, და სადღაც შორს იყურება... ნეტა ჩემთან რატომ მოფრინდა? ვერ იჯდა იქ თავისთვის ხეზე ან სადაც იჯდა?!... უცებ შემეცოდა... ალბათ ძალიან მარტოა და ახლა ფიქრობს როგორ გამომელაპარაკოს... ალბათ ჯობია მე დავიწყო პირველმა...

-სიგარეტს ხომ არ ინებებთ?
-არ ვეწევი...
-არც მე...
-ჰმ?!!!

შემომხედა გაკვირვებული, ამაყი მზერით. მერე გაკვირვება დაცინვაზე შეეცვალა. ირონიულად გამიღიმა, წამოიმართა, თოვლი ჩამოიბერტყა და გაფრინდა.

...
ჰეეეჰ... გამეცინა, შემდეგ ღერს მოვუკიდე და გავიფიქრე, ზოგჯერ რა რთულია იმის აღიარება, რომ მარტო ხარ?!.

...
არადა რას გადავეკიდე, იქნებ არცაა მარტო და მე ვაბრალებ... მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს...

....
ისე შეეძლო უფრო ზრდილობიანადაც ეთქვა უარი... უზრდელი....

ART-room

შემთხვევით კომპში ამოვქექე ძველი ჩანაწერები, რომლებიც თავის დროზე ერთერთი ცხონებული ფორუმის ერთერთ ცხონებულ თემაში მეყარა. თემა, სახელად ART-room, მშვენიერი ადგილი იყო... რამდენიმე ძალიან კარგი ადამიანი გავიცანი იქ და დღემდე თბილი გრძნობები შემომრჩა იმ დროის და იმ თემის მიმართ... რაღაც პატარა, მიტოვებულ სახლს ჰგავდა, ბავშვობაში რომ საიდუმლოდ დადიხარ მეგობრებთან ერთად და მარტო თქვენ რომ იცით მისი არსებობის შესახებ... : ) მერე ან იზრდები, ან ამ სახლში ცხოვრდებიან ახალი ოჯახები და იმ მტვერსაც წმენდენ, რომელიც მოგწონდა და აღარც ობობები ბუდობენ ბნელ ოთახებში... ჰოდა ქრება ეს რაღაცა საიდუმლოება შენი ცხოვრებიდან... მაგრამ სულ გახსოვს... თუმცა შეიძლება სულაც არ იყო რეალურად ისეთი, როგორადაც გახსოვს და შენი საკუთარი ფანტაზიის ნაყოფია მნიშვნელოვანწილად... თუმცა, ჩემი თეორიის მიხედვით, მთავარია რა გახსენდება, თორემ რეალურია თუ არარეალური ეს ადგილები, ადამიანები, მოვლენები და ა.შ. ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს... : ) (BigFish გამახსენდა :wub: )

ჰოდა ახლა რომ გადავიკითხე, გამეღიმა.. რა ტიპიური მოზარდი ვიყავითქვა, ვიფიქრე : ) სუიციდალური მიდრეკილებებით და ფსევდო-ფილოსოფიური იდეებით : ))) თუმცა ვინ იცის, იქნებ მაშინ უფრო ახლოს ვიყავი რეალობასთან - ახლა თავს რობოტად უფრო აღვიქვამ... ნუ მინიმუმ ცხოვრების 1/3 დანამდვილებით ვიცი რომ რობოტად ვმუშაობ :) 1/3 მძინავს და 1/3 ვცდილობ რამე აზრი შევსძინო დანარჩენ 2/3-ს :))) მოკლედ ვაპირებ რომ აქ გადმოვაცხოვრო ჩანაწერები, პერიოდულად რომ მომხვდეს თვალში და გამახსენდეს ის არარობოტული აზრები და მიზნები ადრე რაც მქონდა : )




ერთადერთი ჯერ ვერ მოვიფიქრე, ძველი თარიღებით დავდო თუ არა :-?

Friday, December 3, 2010

სიმების თეორია

ზუსტად არ მახსოვს ეს თეორია რას ამტკიცებს, მაგრამ ამას ბევრი არაფერი საერთო ექნება იმასთან, რაზეც მე ვაპირებ საუბარს... ეს იდეა რამდენიმე დღის წინ გამიჩნდა, როდესაც "Tbilisi Wind Festival"-ზე აღმოვჩნდი (ვაღიარებ, რომ ფესტივალის დასახელება და აფიშა მომეწონა და უფრო ამიტომ გადავწყვიტე წასვლა :)). მოკლედ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრება დიდად არ შეცვლილა ამ ფესტივალის შემდეგ, მაგრამ დრო სასიამოვნოდ გავატარე და ბილეთში გადახდილი 5 ლარი სრულებით არ დამენანა (არადა ასეთი შემთხვევებიც მქონია).
ერთი სიტყვით, დავიწყე ფიქრი იმაზე, რატომ ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ მუსიკა შენზე მოქმედებს და ზოგჯერ არა... არ ვგულისხმობ იმას რომ შეიძლება მოგეწონოს ან არ მოგეწონოს მელოდია, უაზროდ ჩათვალო სიმღერის ტექსტი ან პირიქით, შენთვის ძალიან ნაცნობი იდეები გაიგო და რაღაც ღრმად ფილოსოფიური აზრები გაგიჩნდეს... "მოქმედებაში" ვგულისხმობ ფიზიკურ ზემოქმედებას, ანუ როდესაც უსმენ მუსიკას და უცებ რაღაც სასიამოვნო შეგრძნება გიჩნდება, ჟრუანტელი დაგივლის და რაღაც უწონობისმაგვარი შეგრძნება გიჩნდება. ეს არაა რაღაც მაღალფარდოვანი შედარება, ეს ფიზიკური, ნამდვილი, რეალური მოვლენაა :) (არვიცი რამდენად ზოგადია ეს ფენომენი, მაგრამ მინიმუმ 1 ადამიანს ჩემს გარდა, ვიცი რომ განუცდია იგივე...)



ასეთი რაღაც პირველად ძალიან დიდი ხნის წინ ვიგრძენი. გაუბედურებულ რკინიგზელთა კულტურის ცენტრში იყო მორიგი კონცერტი, სადაც ნორჩი კონსერვატორიის მოსწავლეები უკრავდნენ. ზოგადად ცუდი არ იყო, მაგრამ ერთი, თითქოსდა არაფრით გამორჩეული წყვილის გამოსვლის დროს (ვიოლინო+ფორტეპიანო) რაღაც ძალიან უცნაური შეგრძნება გამიჩნდა– აი, რომ ამბობენ "მუსიკა იღვრებოდა", ეს გამოთქმა ვიგრძნეი ფიზიკურად, და თან რაღაც ბლანტი და ტკბილი იყო ეს მუსიკა, ცხელი შოკოლადისმაგვარი... მოკლედ კარგი იყო : )

ჰოდა იმას ვამბობდი, რომ იმ დღეს გამიჩნდა შემდეგი იდეა: ადამიანები შედგებიან უამრავი ემოციური ტალღისგან. ანუ, ყველა მათი ემოცია, შეგრძნება და ა.შ. არის რაღაც განსხვავებული სიხშირისა და სიგრძის ტალღა. და რადგან ესეთი ტალღები უამრავი სახისაა, შესაბამისად ერთნაირი ტალღების ერთობლიობა ბუნებაში თითქმის არც ხვდება. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური ხასიათი, ინდივიდუალური შეგრძნებები და ინდივიდუალურად აღიქვამს ამა თუ იმ ნივთებს, მოვლენებს, ბგერებს, ფერებს და ა.შ. (აქვე შეიძლება განვავრცო ეს თეორია და დავამატო, რომ ეს შინაგანი ტალღები სხვადასხვა გარე–ფაქტორების ზემოქმედებით იცვლება, ანუ რაღაც დროის შემდეგ ადამიანი სხვისი კი არა, საკუთარი თავის იდენტურიც კი აღარაა... ეს კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას ქმნის). ყოველივე ამის დაშვების შემდეგ კი ძალიან მარტივი გახდა იმის ახსნა, რატომ მოქმედებს ზოგჯერ მუსიკა – მას გააჩნია თავისი ტალღები და როდესაც ეს ტალღები შენს "ემოციურ ტალღებს" ემთხვევა, ხდება რეზონანსი და ტალღების ამპლიტუდა იზრდება – შესაბამისად ემოციებიც ძლიერდება (თუ რამე ფიზიკური ცნება ან მოვლენა არასწორად ვახსენე ან ავხსენი, მომიტევეთ და შემისწორეთ :))

მოკლედ ესაა ჩემი თეორია და თუ არ დამეზარება განვავრცობ და ექსპერიმანტულად დავამტკიცებ და წლების მერე წიგნებს თუ არ დაწერენ ჩემზე, ვიკიპედიაზე მაინც იქნება პატარა სტატია ამ თეორიის შესახებ :))) ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით : ) უბრალოდ "დასასრული" რომ არ დამეწერა :)))

p.s. ამ სიმღერას ვუსმენ ახლა და მგონი მოუხდება ამ პოსტს... თუ არ მოუხდება და ისე მაინც იყოს <3

Tuesday, November 16, 2010

ნაბახუსევზე წასაკითხი პოსტი

რადგან ე.წ. ნაბახუსევი საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მხოლოდ მე არ მაქვს ხოლმე, აგერ გაგიზიარებთ ამ მშვენიერ საიტს, სადაც ჩამოთვლილია ბევრი კარგი მეთოდი, როგორ შეიძლება მარტივად მოხვიდე ჯანზე კარგად გატარებული საღამოს მერე :))

www.pohmelie.net

დაახლოებით ერთი წლის წინ მივაგენი და ძალიან მომეწონა: ჩამოთვლილია ძალიან ბევრი კარგი საშუალება: დაწყებული ხალხური მეთოდებიდან, გაგრძელებული სტანდარტული მჟავე კიტრით და მინერალური წყლით, დამთავრებული რაღაცა უცნაური "კოკტეილებით" (მათი გასინჯვა ვერ გავრისკე – რაღაც ჟუტკი რეცეპტები იყო :–S :)). ამას გარდა არის რამდენიმე კარგი კოკტეილის რეცეპტიც – შემდეგი კარგი საღამოს მოსაწყობად =)))) მოკლედ, ეს რჩევები პახმელიაზე ჩემმა მტერმა იკითხა, ისე წინასწარ შეიძლება თვალის შევლება :))

და ბოლოს კიდევ ერთი უნიკალური მეთოდი, რომელიც მარეხმა გამიზიარა - უბრალოდ უნდა უყუროთ ამ ვიდეოს: :))))

Friday, July 23, 2010

უბრალო დღეები

ჰოდა... დღეს ტრანსში შესვლა ვცადე და კარი დამხვდა ჩაკეტილი... ვეღარ შევაღწიე და ესე, გარედან ვცდილობდი რაღაცა ილუზიის შექმნას... არ მომეწონა... იმედია არ დაიკარგა ის ნაპერცკლები ან ის პოზიტიური ენერგიების ტალღების დამჭერი ანტენა არ მომეშალა... :-\ იმედია არ გავიზარდე! (ეს ყვეალფერი რაღაც სცენას მაგონებს ფილმიდან, როდესაც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი საკუთარ თავს უმტკიცებს იმას რომ არ გიჟდება..)

ხოდა კიდევ მიყვარს, როდესაც შემთხვევით ხვდები ადამიანს, რომელსაც დიდი ხანია იცნობ ან იცნობდი ადრე, და მოულოდნელად იაზრებ, რომ აი ამ ადამიანმა შენი ცხოვრება ცოტათი მაინც შეცვალა... ძირითადად უკეთესობისკენ : ) თუმცა მაგას უკვე არ აქვს არსებითი მნიშვნელობა უარესობა-უკეთესობა, ცვლილება ცვლილებაა... მოკლედ დღევანდელი დღე არაფერი გამორჩეული... მაგრამ დამახსოვრებადი იყო, ისევე როგორც ერთერთერთი ასევითივე არაგამორჩეული დღე ზუსტად 2 წლის წინ ალბათ... მოკლედ... არსებობს უბრალოდ დამახსოვრებადი დღეები, რომლებიც წლების მერეც გახსოვს ხოლმე, არადა რა?!.. არც არაფერი განსაკუთრებული.. ან არც არაფერი სიტყვებით ახსნადი... უბრალოდ... :)



Tuesday, June 22, 2010

წინასაბლოგერო დაპირებები #1

აჰაამ... როგორც იქნა 1 დღე დავუთმე ბლოგს და ცოტა მივალაგ–მოვალაგე... მართალია ჯერ კიდევ ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი, და ისიც კი ვერ გადამიწყვეტია საბოლოოდ აქ დავრჩე თუ ვორდპრესზე გადავბარგდე (ჯიბლა დაჟინებით მარწმუნებს, რომ იქ ჯობია, არადა აქაურობაც მენანებასავით...), მაგრამ რადგან ამ დებილობასაც კი ბლოგზე ვწერ, ე.ი. რაღაცა ხდება.. ან მოხდება... ან არც მოხდება... who knows?!.. : )))

ხო, ბლოგს სახელი შევუცვალე და hometree დავარქვი... აი, ხომ აქვთ მშობლიური სახლები, ხოდა ბავშვობიდან მქონდა ოცნება (ალბათ ყველა ბავშვს აქვს ეს ოცნება : ) ), რომ მეცხოვრა დიიიდ ხეზე... პატარა როცა ვიყავი, ეზოში რამდენიმე ასეთი ხე იყო და ძალიან მიყვარდა იქ ბინადრობა : ) მერე გავიზარდე, ხეებიც ნაწილობრივ გახმა და ასე დამრჩა ეს ოცნება ოცნებად... რომ მქონდეს დიიიდიი ხე, რომელზეც ვიცხოვრებ :)


ახლა на всякий случай, გუგლში გადავამოწმე ეს სახელი... და აღმოჩნდა რომ ავატარში პანდორაზე რომ ხეები აქვთ, იმას ეძახიან ასე http://james-camerons-avatar.wikia.com/wiki/Hometree :–| :-S
тфиии!!! კამერონ!!!! მაგრამ არაუშავს, მე გულს არ გავიტეხ!... : ) ისედა რაღა შორს მივდივარ, პაკაჰონტასშიც ხომ არის ეგეთი ხე... :)

მოკლედ... ავდექი, გავედი... : )

Thursday, June 17, 2010

რეინკარნაცია

ახლა სამსახურში ვარ და რაღაც უბრალოდ მომინდა ჩამეწერა აზრები... ძალიან არასაამისო სიტუაციაა გარშემო, მაგრამ სხვა გზა არაა... არ მინდა გამიაროს... ახლა უბრალოდ სიკვდილზე ვფიქრობდი... დარწმუნებული ვარ, რომ უამარავი ინფორმაცია იქნება ამის შესახებ, კვლევები, შეხედულებები, თეორიები... და რომელი კუთხით ჯობია მივუდგე, ვერც მაგას ვხვდები...
 მოკლედ ხდება ხოლმე, რომ შენთვის ისეთი ადამიანის სიკვდილი, რომელიც შეიძლება შენთვის ახლო არც არასოდეს ყოფილა, იმაზე უფრო მეტად იმოქმედოს, ვიდრე ის, ვისაც დიდი ხანია და კარგად იცნობ... უცნაური შეგრძნებაა... შეიძლება სუბიექტურად ვუყურებ, მაგრამ მეეჭვება მარტო ჩემი ემოციების თავისებურება იყოს ეს... არის რაღაც უცნაური ამ შეგრძნებებში, ზოგჯერ საკუთარი თავისადმი სინანულია მეტი, ზოგჯერ რაღაც დანაშაულის გრძნობისმაგვარი, ზოგჯერ უბრალოდ რაღაც თანაგრძნობა – თანაუგრძნობ, რომ ვეღარ იქნება ეს ადამიანი... შენ რჩები და ის აღარ, თითქოს ის რაღაცას კარგავს, რაც შენ ჯერ კიდევ შეგრჩენია და ესეც რაღაც ფარული დანაშაულის გრძნობაში გადადის... მახსოვს ადრე რემარკთან წავიკითხე, თანაგრძნობა არის ფარული სიხარული, რომ ეს უბედურება არ მოგივიდა შენ ან შენს ახლობელს... ამას ამბობდა ექიმი, რომელსაც ხშირად უხდებოდა ადამიანის სიკვდილის ნახვა... ასეთ შემთხვევაში ნეტა როგორ არის საქმე, რაღაც ბუნებრივი ხდება ალბათ ეს.. არვიცი... შეიძლება არც...
სიკვდილი მგონი ბევრნაირი არსებობს... უფრო სწორად, სიკვდილის აღქმა ჩვენს მიერ – ფიზიკური ანუ ბიოლოგიური სიკვდილი, მისტიურ–რელიგიური, ფილოსოფიური... ყველაფერი ეს რაღაცა რეალურად ძალიან გაუგებარი მოვლენის ახსნაა სხვადასხვაგვარი, თუმცა ადამიანებს ხომ უბრალოდ არასოდეს ესმით ერთმანეთის–როდესაც ერთი საუბრობს სიკვდილზე ის მას სხვაგვარად აღიქვამს, მეორე სხვაგვარად... ემოციები ამ დროს აბსოლუტურად სხვადასხვანაირია... შეუძლებელია ყველას მოსთხოვო, ერთნაირად გამოხატონ.. ზოგისთვის რაღაც საერთოდ გაუგებარი მოვლენაა ეს, ან შეიძლება პირიქითაც, იქნებ ამ მოვლენას რაღაც უფრო უსაზღვრო და უკეთესის დასაწყისად აღიქვამს... ახლა გავიფიქრე, რომ ბაბილონის გოდოლი ძალიან რეალურ მოვლენას წააგავს... ადამიანებს მართლა იმდენად არ ესმით ერთმანეთის, რომ ერთ ენაზე საუბარი საკმარისი ნამდვილად არაა... ჰოდა ახლა ვფიქრობდი, რომელია ყველაზე სწორი აღქმა სიკვდილის...

ადრე, მახსოვს ვიფიქრე რომ სიკვდილი დაბადების საპირისპირო რამაა, ანუ როდესაც კვდები, დაახლოებით იგივე შეგრძნებაა , როგორც დაბადებამდე იყავი...
დღეს კიდევ ვიფიქრე, რომ შეიძლება ახალი ეტაპი იყოს, ანუ როგორც ადამიანი ვითარდება რაღაც უჯრედიდან და ხდება რაღაც, დღემდე ჩემთვის ბოლომდე ამოუცნობი ორგანიზმი, შეიძლება სიკვდილის მერე ასევე გარდაიქმნება რაღაც ბევრად უფრო განვითარებულ არსებად.. არსება ეს რა თქმა უნდა, პირობითად...

Thursday, June 3, 2010

ზარმაცი ბლოგერი : )

ალბათ არსებობს ბლოგერების ასეთი ნაირსახეობა, რომელსაც მე ნამდვილად მივეკუთვნები... აი ხომ ხდება ხოლმე, რომ იპოვი რაღაცას და აღფრთოვანდები და გაიფიქრებ: მორჩა, ეს ბლოგზე უნდა დავდო!!! ალბათ იმიტომ, რომ სადმე შეგენახოს, ან ვინმეს გავუზიარო... მოკლედ მიზეზები ბევრია... ხოდა ამას გავიფიქრებ თუ არა, მაშინვე თუ არ მივატოვე ყველაფერი და არ გავაკეთე, რამდენიმე დღის, საათის ან წუთის შემდეგაც კი ეს მონდომება მივლის... მერე დავფიქრდები იმაზე, საერთოდ რა აზრი აქვს... რა მნიშვნელობა.... და ასეთ უაზრო კითხვებზე, რომლებზე ფიქრსაც თუ დაიწყებ, შეგიძლია დაჯდე და აღარაფერი არ ქნა არასოდეს... ამას ქვია ალბათ სიზარმაცე :–? ხოდა მორჩა, ამას ბოლო უნდა მოეღოს!!! ამიერიდან ვამატებ მეგობრებს ბლოგზე და ვსოციალურდები : ))) რამდენიმე თვის მერე, თვითონაც ხომ გავერთობი ბლოგის გადაკითხვით... :) ნინო ნუ გეზარება!!! :შეჯანჯღარების სმაილიკი:

Monday, April 12, 2010

Yerkaland

ცარიელი პოსტი ამ დასახელებით ალბათ 2 წელზე მეტია მემტვერება და ვერაფრით ვერ დავაძალე ჩემს თავს რომ სულ რამდენიმე წუთი დამეთმო მისთვის - შემეგროვებინა სურათები, მომეყარა თავი და ერთხელ და საბოლოოდ გამომექვეყნებინა!


Jacek Yerka - პოლონელი მხატვარია. ბიოგრაფიული ცნობების ჩამოთვლას არ დავიწყებ, იმიტომ რომ თვითონ ამას ჩემზე გაცილებით უკეთესად მოახერხებს.

მოკლედ სხვისი არ ვიცი და მე პირადად მის ნახატებს მშვენიერ გამოსავლად მივიჩნევ - თუ საკუთარი ფანტაზია არ გაქვს და ახალ ზღაპრულ სამყაროებს ვერ იფიქრებ, აჰა და იცხოვრე როგორ ქალაქშიც გინდა, იმოგზაურე როგორც გინდა, აირჩიე სახლი, მოაწყე შენი ოთახი, დაიმეგობრე უცნაური ცხოველები... ერთი სიტყვით, იოცნებე სხვისი ფანტაზიის ხარჯზე!!! : )

































p.s. ესეც მისი ილუსტრირებული წიგნი Mind Fields- თუ ოდესმე მოგინდებათ რომ მაჩუქოთ, სიამოვნებით მივიღებ : ))))